კომპოზიტორთა კავშირი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ქართველ პროფესიონალ კომპოზიტორებს და მუსიკისმცოდნეებს. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი დაარსდა 1932 წელს. მისი პირველი თავჯდომარე იყო დიმიტრი არაყიშვილი. სახვადასხვა პერიოდებში კავშირის ხემძღვანელები იყვნენ კომპოზიტორები: ანდრია ბალანჩივაძე, შალვა მშველიძე, ალექსი მაჭავარიანი, დავით თორაძე, სულხან ცინცაძე, გია ყანჩელი, ნოდარ მამისაშვილი, სულხან ნასიძე, ნოდარ გაბუნია, მუსიკისმცოდნე გივი ორჯონიკიძე, ვაჟა აზარაშვილი. დღეს კავშირის თავჯდომარეა კახა ცაბაძე. მრავალი საინტერესო და სასარგებლო, ქართული პროფესიონალური მუსიკის პოპულარიზაციის მხრივ, ღონისძიება ჩატარდა კომპოზიტორთა კავშირის თაოსნობით. ესენია მუსიკალური ფესტივალები, მათ შორის ფესტივალი "ამიერკავკასიის გაზაფხული" მუსიკალური შეხვედრები და გაცვლითი კონცერტები მრავალი ქვეყნის კომპოზიტორებთან, საიუბილეო ფესტივალები, კონცერტები და ხსოვნის საღამოები.
ბოლო ათი წლის მანძილზე კომპოზიტორთა კავშირი სხვა ღონისძიებებთან ერთად ატარებს საზაფხულო და საშემოდგომო კონცერტების ციკლს "ქართული მუსიკის სიახლენი", ატარებს შეხვედრებს "მუსიკალური პარასკევები", რომლებზეც ხდება თანამედროვე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებების მოსმენა-განხილვები. კომპოზიტორთა კავშირთან ერთად ქართული მუსიკის პოპულარიზაციის, მისი მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე და ფართო საინფორმაციო ველების შექმნაზე მუშაობენ ორგანიზაციები – მუსიკალური ფონდი და მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრი. კომპოზიტორთა კავშირს შემუშავებული აქვს რამოდენიმე პროექტი. ამ პროექტების განხორციელება საშუალებას მისცემს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ქართულ მუსიკაში; მისი მაღალ დონეზე აყვანას და გასვლას მუსიკის თანამედროვე სამყაროში.