ქართული | English | Русский
           
Главная | О проэкте | Партнеры | Обслуживание | Контакт |



ხელისუფლება საჰაერო სივრცის კონტროლზე უარი თქმას აპირებს

http://pressa.ge/

[რუსიკო მაჩაიძე, “რეზონანსი“]
ის, რისი გაკეთებაც ახლა უნდათ, 2008 წლის აგვისტოში უკვე გაკეთებული რომ ყოფილიყო, ძალიან დიდი შანსია, რომ საქართველოში ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ ჩამოვიდოდა და მერე რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის, - ასეთია ოპოზიციის პირველი რეაქცია ხელისუფლების იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრივატიზებააკრძალული ობიექტების ნუსხიდან საჰაერო მოძრაობის მართვის და კონტროლის საშუალებების ამოღებას ითვალისწინებს.

“საჰაერო მოძრაობის მართვის და კონტროლის საშუალებები” კი, როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ედპ-ს წევრი გურამ ჩახვაძე განმარტავს, “მთელ იმ ინფრასტრუქტურას გულისხმობს, რომლითაც იმართება, კონტროლდება და ნებართვების გაცემა ხდება საჰაერო სივრცის გამოყენებაზე”.

სწორედ ამიტომ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ამ ობიექტის თუ ობიექტების პრივატიზება, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეიძლება და ითხოვს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიზეზებზე განმარტება გააკეთოს.

“ეჭვი ჩნდება, რომ ამასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება, რის გაკეთებასაც მაგისტრალურ გაზსადენებზე აკეთებენ. არის ვარიანტი, რომ ეს დაექვემდებარება პრივატიზებას და არ დაექვემდებარება ასაფრენ-დასაფრენი ზოლები. თავდაპირველად ორივე ერთად იყო. ახლა პირველი ამოვარდა და დარჩა მხოლოდ საფრენი ბილიკები და მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება”.

თავდაპირველად კანონპროექტში, როდესაც იმ ობიექტების ნუსხა გადაიხედა, რომელთა პრივატიზებაც არ შეიძლება, “საჰაერო მოძრაობის მართვის და კონტროლის საშუალებების” პუნქტი სიაში იყო. კანონპროექტი სესიაზე პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვისას აღმოჩნდა, რომ ეს მუხლი პასტით იყო გადახაზული.

ამაზე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ საუბარია ამ პუნქტის ამოღებაზეც, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო პოზიციას სესიაზე, საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას დავაფიქსირებთო.

“მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს გარკვეული მოსაზრებები. თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ გვაქვს”, - განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას ლაშა თორდიამ.

მისი თქმით, ამ პუნქტის ამოღების იდეა მთავრობას ეკუთვნის. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა კი ამაზე არაფერი იცის.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ შემიძლია, კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან, მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი შემოსული არ ყოფილა”.

პრინციპში, თუკი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ლაშა თორდიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გავიხსენებთ, დიდი ალბათობით, ეს ინციატივა მთავრობას ნამდვილად არ უნდა ეკუთვნოდეს. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვნახეთ, რომ მაგისტრალური გაზსადენი იმ ნუსხაში აღარ იყო, რომლის პრივატიზება არ შეიძლება, ლაშა თორდიასთან ვცადეთ, გაგვერკვია, ეს იყო მიზანმიმართული ამოღება, თუ ტექნიკური პრობლემა.

ლაშა თორდიამ კი, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კატეგორიულად გამორიცხა, რომ მაგისტრალური გაზსადენის ამოღება მომხდარიყო და ისიც აღნიშნა, ალბათ, ტექნიკური პრობლემაოო. საკითხის სესიაზე განხილვისას კი თავგამოდებით ცდილობდა იმ პოზიციის დაცვას, რომ გაზსადენი არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და მისი სრულად გასხვისება პრობლემა კი არა, უკეთესიც კი იქნება.

ასე რომ, გამორიცხული არ არის, კონკრეტულად საჰაერო სივრცის კონტროლთან დაკავშირებული ინიციატივა მთავრობის კი არა, სწორედ კუბლაშვილის და თორდიასი იყოს. მით უმეტეს, რომ ამავე კომენტარში ლაშა თორდია იმასაც ამბობს, “ზოგადად პრივატიზაციიდან რა სარგებელსაც ელის მთავრობა, ის სარგებელი იქნება აქაც. ანუ, ჩვენ კონცეპტუალურად ვუდგებით, რომ რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო დანახარჯი იყოს და მართოს კერძო კომპანიამ”.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც ამბობს, ამ საკითხზე აზრზე არ ვარო.

“მე მგონი, ბენდუქიძე რომ ჩამოვიდა ქვეყანაში და გამოაცხადა, ყველაფერი იყიდება სინდისის გარდაო, ამასაც იღებენ იმ ნუსხიდან, და ძალიან მალე შეიძლება იხილოთ რომელიმე აუქციონზე, რომ იყიდება ნამუსი. ლიბერტანიანიზმი ნიშნავს გარკვეულწილად სახელმწიფო ინტერესების შეზღუდვას, მაგრამ ეს თუ ნიშნავდა თავად სახელმწიფოზე უარის თქმას, მე აღარ მეგონა”, -აცხადებს “ქრისტიან-დემოკრატი” ლევან ვეფხვაძე.

უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის მთავარ ავტორს პავლე კუბლაშვილს ჯერჯერობით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, მაგრამ მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს არ არსებობს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ცნების ზუსტი განსაზღვრა და მისთვის ამის დასახელება არგუმენტი არ არის.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის თვითმიზანი არის სოხუმის და ცხინვალის ტერიტორია, ძალიან ცდება. რუსეთის თვითმიზანი არის საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლი, მას სჭირდება პირდაპირი კომუნიკაცია სამხრეთ პარტნიორებთან, სჭირდება პირდაპირი კავშირი სომხეთში არსებულ სამხედრო ბაზებთან. ამის გამო,ცხადია, ყველაფერზე წავა და დადებს ათჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი სანავიგაციო სისტემა შეიძლება ღირდეს”. (ვეფხვაძე)

მათ ამ მოსაზრებას კი ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც იზიარებს.

“ძალიან კარგად ვიცით, საქართველოს სტრატეგიული ობიექტებით ვინ არის დაინტერესებული. აქ ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები ასეთ საკითხებში ნაკლებად ჩადებენ ინვესტიციებს.რომც წამოვიდნენ ამ ნაბიჯზე, რუსები უფრო მეტს გადაიხდიან, ვინაიდან ეს მათთვის არ არის უბრალოდ ეკონომიკურად მომგებიანი ბიზნესი, არამედ წმინდა პოლიტიკური საკითხია.

ამიტომ სადღაც ოფშორულ ზონებში გაჩნდებიან ფირმები, რომლებსაც ფორმალურად რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირები არ ექნებათ და ხელში ჩაიგდებენ ამ ობიექტებს”.








Поиск в других системах
Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  
 

  Copyright © 2003-2010 Directory.Ge Counter: 20781
TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები, მობინადრეები, თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო