ქართული | English | Русский
           
Главная | О проэкте | Партнеры | Обслуживание | Контакт |



სკოლების დირექტორებს ხატების უჯრაში დამალვა და ჯვრების მოხსნა მოსთხოვეს

http://www.presa.ge/ 

[ნინო ხარშილაძე, "ვერსია"]

მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დასავლური გარეგნობის მქონე მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს განათლების მინისტრად დანიშნა, განათლების სამინისტრო ციხეს დაემსგავსა. შაშკინის უწყება მხოლოდ საკუთარი მინისტრის გასაპიარებლად ეძახის ერთგულ ჟურნალისტებს. მინისტრი პრესასთან, პრაქტიკულად, არ თანამშრომლობს. ამიტომ, განათლების სამინისტრო, მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკვე შერაცხეს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად.

დიმიტრი შაშკინი ცდილობს აჩვენოს, რომ მისი სისტემაში ყველაფერი იდეალურადაა და საათივითაა აწყობილი. იურისტი მინისტრი იმაშიც დარწმუნებულია, რომ სამინისტროდან უარყოფით ინფორმაციას ვერავინ გაიტანს. სხვათაშორის, სწორედ ამიტომ აუკრძალეს მასწავლებლებსა და დირექტორებს, სამინისტროს ნებართვის გარეშე, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ასევე პატარა დედაქალაქით და ალბათ დამეთანხმებით, იშვიათია ადამიანი, დიდ სანათესაოში ერთი პედაგოგი მაინც რომ არ ჰყავდეს. შესაბამისად, ინფორმაციის გაჟონვა მოსალოდნელია და ასეც მოხდა. "ვერსიას" რამდენიმე მასწავლებელი და დირექტორი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ბევრ თქვენგანს, ალბათ, გააკვირვებს კიდეც. მაშ ასე, ექსკლუზიურად "ვერსიის" მკითხველისთვის, კულუარული ინფორმაცია იმის შესახებ, რეალურად, რა ვითარებაა განათლების სისტემაში და როგორ ახორციელებენ ჩინოვნიკები პედაგოგებზე ზეწოლას.

მასწავლებლების გათავისუფლება - მითი თუ რეალობა?
რამდენიმე დღის წინ ითქვა, შაშკინმა სკოლის დირექტორებს დაავალა, ყველა ის მასწავლებელი გაუშვით, ვისაც 18 საათზე ნაკლები გაკვეთილი აქვსო. მოგვიანებით, როცა საქმე ლამის სოციალურ აფეთქებამდე მივიდა, შაშკინმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. არადა, პედაგოგების შემცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორი ნამდვილად არაა. ამას ადასტურებს «ვერსიის~ წყაროც და იმასაც გვიამბობს, როგორი დაძაბული ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ მინისტრსა და სკოლების დირექტორებს.

როგორც ირკვევა, განათლების მინისტრმა დირექტორებთან შეხვედრები და კონსულტაციები ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. კონკრეტულად, ამ არასასიამოვნო გადაწყვეტილების შესახებ კი, შაშკინმა 200-მდე სკოლის დირექტორს ერთად აუწყა. თან გააფრთხილა, პედაგოგები ისე გაათავისუფლეთ, ყველაფერი თქვენს თავზე აიღეთ, იზრუნეთ, რომ სამინისტროში ან საზოგადოების წინაშე, საჩივრით არცერთი გათავისუფლებული პედაგოგი არ გამოჩნდეს, თორემ ცუდი დღე დაგადგებათო.

ზოგადად, ახალგაზრდა მინისტრთან შეხვედრისას, რაიმეს გაპროტესტებას იშვიათად ბედავენ მისი ასაკის გამოცდილების მქონე დირექტორები და პედაგოგები, მაგრამ წყაროს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე, თითქმის 200-ვე დირექტორმა უკმაყოფილება გამოხატა. მეტიც, ისიც კი შეჰბედეს, გათავისუფლებული პედაგოგების დაშოშმინებას ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ და პრეტენზიის მქონე ყველა მასწავლებელს, თქვენთან გამოვუშვებთო. მოგვიანებით, როცა მიხვდნენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილება საკმაოდ მტკიცე იყო, დირექტორებმა ახალი პრობლემა წამოჭრეს - კანონით, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მათ პედაგოგებს ერთი თვის სახელფასო კომპენსაცია უნდა მისცენ.

ეს დამატებითი თანხა სკოლებს არ აქვს. შესაბამისად, სკოლების ხელმძღვანელებმა მოითხოვეს, კომპენსაცია ბიუჯეტიდან გამოუყონ. მინისტრს ისიც აუხსნეს, ზოგ პედაგოგთან 2-3-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული და გათავისუფლების შემთხვევაში, ეს პედაგოგები სასამართლოში გვიჩივლებენ და მოგვიგებენ კიდეცო.

მინისტრი შაშკინი ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმ არგუმენტმა დააფიქრა, პედაგოგთა მასობრივ გათავისუფლებას სოციალური აფეთქება შეიძლება მოჰყვესო. არც დირექტორები დაუდგნენ გვერდით და მაქსიმალურად გამოიყენეს თავისი ძალა. ამის შემდეგ, განათლების მინისტრმა მათ ახალი მახე დაუგო - დაავალა, ამიერიდან, სკოლის საშტატო განრიგს სამეურვეო საბჭოსა და პედკოლექტივს კი არ შეუთანხმებთ, განათლების სამინისტროში მოხვალთ და კომისიის წინაშე, თითოეული შტატის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდითო.

რა ხდება საშტატო განრიგის დამტკიცების კომისიაზე?
თავდაპირველად, განათლების მინისტრმა, საჯარო სკოლების საშტატო განრიგის დასამტკიცებელი 12-კაციანი კომისია შექმნა. თავიდან, კომისიის 12-ივე წევრი მონაწილეობდა თითოეული სკოლის თითოეული საშტატო ერთეულის საჭიროების განხილვაში. თუმცა, ეს იმდენად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, 12-კაციანი კომისია ჯერ შუაზე გაყვეს, შემდეგ კი - ოთხად. საშტატო განრიგის დამდგენ კომისიაზე, დირექტორებს, ყოველი პედაგოგის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებენ.

კერძოდ, დირექტორმა უნდა ახსნას, რატომ აქვს ამა თუ იმ პედაგოგს შედარებით ცოტა საათები და ახალგაზრდაა თუ არა პედაგოგი. თუ აღმოჩნდა, რომ მცირე განაკვეთიანი პედაგოგი ახალგაზრდა არაა, იმით ინტერესდებიან, გათავისუფლების შემთხვევაში, წავა თუ არა საჩივლელად "პროფკავშირებში" ან სასამართლოში. თუ დირექტორმა განაცხადა, არა მგონია, მასწავლებელმა ჩივილი დაიწყოსო, მას მაშინვე აძლევენ პედაგოგის გათავისუფლებისა და მისი საათების ახალგაზრდა პედაგოგებისთვის გადანაწილების დავალებას. საათობრივი საშტატო ბადის განხილვის შემდეგ, კომისია სკოლის ადმინისტრაციის საშტატო განრიგის განხილვას იწყებს.

"ვერსიის" კონფიდენციალური წყარო განმარტავს, რომ ბევრ დირექტორს მხოლოდ ერთი მოადგილის შტატი დაუმტკიცეს, ინფორმატიკის მასწავლებლის შტატი გაუუქმეს და უთხრეს, ეს საგანი, სხვა პედაგოგმა ასწავლოსო. გარდა ამისა, თითქმის გააუქმეს ბიბლიოთეკარის შტატიც. ამ უკანასკნელის ფუნქციას საქმეთა მმართველი შეითავსებს. გარდა ამისა, გააუქმეს მებაღის, დურგლის, მკერავის ან სხვა სპეციალისტების შტატები იმ საჯარო სკოლებში, სადაც 2006 წლიდან, სხვადასხვა სახელობო პროგრამები ხორციელდება.

თითქმის ყველა სკოლაში უქმდება ექიმის ან ექთნის შტატიც. ეს ცოტა გაურკვეველია, რადგან, ბრენდირების დროს, ამ შტატებისა და სერვისების არსებობას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, დირექტორებს არ დაუმტკიცეს ფსიქოლოგის შტატი. არადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემულ ბროშურაში - "ზოგადი განათლების რეფორმების სტრატეგია 2010-2015 წწ", გარკვევით წერია, რომ სკოლაში უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს ფსიქოლოგთა ინსტიტუტი.

სხვათაშორის, პროფილური სკოლების დირექტორებს, სადაც რომელიმე საგანი გაძლიერებულად ისწავლება და შესაბამისად, დამატებითი საათები სჭირდება, უთხრეს - არ არის საჭირო, თქვენს სკოლაში პროფილური სწავლება იყოს და ეს საათები უნდა ამოიღოთო. სკოლების დირექტორები აღელდნენ, რამდენიმე საგანი გაძლიერებულად რომ არ ვასწავლოთ, ბავშვები სხვა საჯარო ან კერძო სკოლებში გადავლენო. აი, ამაზე კი, კომისიის წევრებს საკმაოდ ორიგინალური პასუხი ჰქონდათ - თუ გადავლენ, ესე იგი, კონკურენციას ვერ უძლებთ, ასეთი სკოლები დაიხურება, სამაგიეროდ კერძო სკოლები გაჩნდება და ეს ინსტიტუტიც გაძლიერდებაო.

სკოლებს დარაჯისა და კარისკაცის შტატიც გაუუქმეს. ახალი სასწავლო წლიდან, შვეიცარის ფუნქციას მანდატურები შეითავსებენ. სხვათაშორის, «ვერსიის~ წყარო იმასაც გვიამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მანდატურებს 2010 წლის სექტემბრიდან, ხელფასს, სამინისტროს ნაცვლად, სკოლის დირექტორები გადაუხდიან. რა თქმა უნდა, სკოლის ბიუჯეტიდან.

ეს თანხა, ყოველთვიურად, 2400 ან 5800 ლარია (იმის მიხედვით, სკოლაში მანდატურების სამკაციანი ჯგუფია თუ ექვსკაციანი). ამის შესახებ, დირექტორებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ირინა ქურდაძემაც აუწყა.

"ვერსიის" კონფიდენციალური წყარო იმ სქემასაც შიფრავს, რატომაც არ აწყობს ხელისუფლებას სკოლებში მცირე განაკვეთიანი მასწავლებლების გაჩერება. პედაგოგს ანაზღაურება ჩატარებული საათების მიხედვით ეძლევა.

მასწავლებლების გათავისუფლების შემდეგ, საათები სხვა მასწავლებლებზე გადანაწილდება და სახელფასო თანხა იგივე გამოვა. სამაგიეროდ, არჩევნების წინ, ხელისუფლებას, პედაგოგებისთვის დენისა და გაზის ნაკლები ვაუჩერი ექნება დასარიგებელი და თანხებსაც, სწორედ იქ დაზოგავენ. ამას ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერიც ემატება. მინისტრ შაშკინს ისიც კი უთქვამს, სკოლებში შტატების შემცირებით, წელიწადში 2 მილიონს დავზოგავთო.

"საზოგადოებრივი დაბრაზი" შაშკინის პიარისთვის
ჩანს, განათლების მინისტრს სურს, საზოგადოებასა და პრეზიდენტს აჩვენოს, თითქოს დემოკრატია და ყველას აზრს ითვალისწინებს. დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე თვის წინ, სამინისტროსთან «საზოგადოებრივი დარბაზი~ დააარსა, რომელშიც მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

წესით, "საზოგადოებრივი დარბაზის" ფუნქცია განათლების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო რეფორმების შეფასება, შენიშვნების მიცემაა. თუმცა, "ვერსიის" წყარო ირწმუნება, რომ «საზოგადოებრივი დარბაზი" მინისტრმა შირმად და პიარისთვის შექმნა. სინამდვილეში, მის წევრებს არც აზრს ეკითხებიან და თუ ვინმემ რამის თქმა გაბედა, ცინიკური ტონით ეუბნებიან, საკითხის არსი არ გესმითო.

"ვერსიის" წყაროს განმარტებით, უჩვეულოდ ხდება სამინისტროში სხვადასხვა პროექტისა თუ კოდექსის განხილვა-დამტკიცება - საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს, სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს დაიბარებენ, პროექტებსა თუ კოდექსებს ფურცელზე დაწერილს კი არ აძლევენ, პროექტორს ჩაურთავენ და ფორმალურად, კედელზე აჩვენებენ "სამუშაო ვარიანტებს". ასეთ შეხვედრებზე მინისტრს განსხვავებული აზრის გამოთქმას ვერავინ უბედავს.

პრინციპში, წყაროს ცნობით, არც აზრი აქვს, რადგან შაშკინი მათ საპირისპირო აზრს მაინც არ ითვალისწინებს. პრინციპში, მასწავლებლები და დირექტორები, პროექტისა თუ კოდექსის განხილვაში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობენ. ეს ფორმალობა შაშკინის უწყებაში იმისთვის სჭირდებათ, უკვე დამტკიცებული კოდექსსა თუ პროექტში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ რომ უთხრან მასწავლებლებს, ახლა ალაპარაკდით ამაზე, ეს რა, თქვენი მიღებული არ არისო.

სკოლებს პრობლემები შეექმნათ ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებით. კერძოდ, თითოეულმა სკოლამ გოგონებისა და ბიჭებისთვის, მინიმუმ, სპორტის ორი სახეობა უნდა აირჩიოს, რასაც ცხადია, ორი სპორტული დარბაზი სჭირდება. ეს ფუფუნება, უმრავლესობას არ გააჩნია. გარდა ამისა, სკოლების დირექტორებს, მინისტრმა ახალი თავსატეხიც გაუჩინა, სკოლებში სპორტის გაკვეთილების შემდეგ დაბანის საშუალება არ არის, ამიტომ ბრძანა, სპორტის გაკვეთილები ცხრილში ყველაზე ბოლოს ჩასვითო.

კულუარულად, "ვერსიამ" ისიც გაიგო, რომ მალე განათლების სამინისტრო დირექტორების სერტიფიცირების პროცესსაც დაიწყებს. ასევე, შაშკინი, განსხვავებული აზრის მქონე დირექტორებს ვადაზე ადრე გათავისუფლებას უპირებს. რამდენიმე სკოლაში გენერალური ინსპექცია უკვე ორ კვირაზე მეტია ზის და საბუთებს ამოწმებს იმისთვის, შარი მოსდოს და დირექტორი სამსახურიდან დაითხოვოს.

ის ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაზედაც "ვერსიის" ანონიმურმა რესპოდენტებმა საუბრის დასასრულს გვიამბეს - დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს კაბინეტში ხატების კუთხის მოწყობას უშლის. ერთ-ერთ შეხვედრაზე, შაშკინმა დირექტორებს განუცხადა, ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ნივთები, ინტიმური საგნებია, კაბინეტში კედელზე ნუ გიკიდიათ, ჩამოხსენით და თუ მაინცდამაინც, გატანა არ გინდათ, უჯრაში შეინახეთო. დიმიტრი შაშკინისვე მითითებით, დირექტორებმა უნდა "უზრუნველყონ", რომ ახალი სასწავლო წლიდან, გაკვეთილებზე, ჯვრები, ფსალმუნები და საეკლესიო სამაჯურები არ ეკეთოთ არც მასწავლებლებს.

დირექტორებმა, ამ მოთხოვნას კითხვით უპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობაა და ამის გაკეთება მასწავლებლებს როგორ ვაიძულოთ, ან ჩვენ როგორ შევეგუოთო. დიმიტრი შაშკინის პასუხი კი, დაახლოებით, ასეთი ყოფილა - მე ხომ არ გეუბნებით გადააგდეთ, ხატები უჯრაში შეინახეთო.

P.S. ჩანს, მინისტრს დირექტორებმა მადლობა უნდა უთხრან იმისთვის, რომ მათ კაბინეტებში არ ჩამოიარა და ხატები არ გადაყარა (შემინდოს უფალმა). დირექტორებისა და მასწავლებლების განწყობა ასეთია - ბევრი დარჩება ლუკმა-პურის გარეშე, მაგრამ ყველაზე წმინდას, რწმენას თუ შეეხნენ, ჩვენი მოთმინების ფიალა აივსება, დავირაზმებით და ერთად ვერ გაგვტეხენო.

"ვერსია" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს შეგნებულად არ დაუკავშირდა. მათი პასუხი, "ვერსიის" წყაროს ბრალდებებზე, ისედაც ვიცით, როგორიც იქნებოდა - რა სისულელეა.

ასეთი რამ ჩვენს სისტემაში არ ხდება! თუმცა, თუ ბატონი მინისტრი ისურვებს, ამ ბრალდებებსა და თვეების მანძილზე, "ვერსიის" დაგროვილ კითხვებს უპასუხოს, საგაზეთო ტრიბუნას მას სიამოვნებით დავუთმობთ და დიმიტრი შაშკინის არგუმენტებსაც, მკითხველს, სიამოვნებით მივაწვდით.








Поиск в других системах
Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  
 

  Copyright © 2003-2010 Directory.Ge Counter: 20721
TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები, მობინადრეები, თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო