[“ინტერპრესნიუსი“]
ქრისტიან-დემოკრატებმა საპარლამენტო უმრავლესობას მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებით გამოცანა შესთავაზეს.
გამოცანა, რომელიც 2002 წელს ერთ-ერთი ოპოზიციონერის, მიხეილ სააკაშვილის საგაზეთო სტატიას უკავშირდება, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის უმრავლესობას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ შესთავაზა.
თარგამაძემ წაიკითხა მაშინდელი ინტერვიუდან ნაწყვეტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გაზსადენების გაყიდვა იგივე ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვაა და სტრატეგიული ობიექტების დაკარგვის შემთხვევაში ნატო-სა და ევროკავშირში შესვლაც აზრს კარგავს.
ასევე, პრეზიდენტი მაშინ ამბობს, რომ თუ ყველაფერს რუსეთს მიყიდიან, მაშინ აღარ აქვს აზრი ქვეყნის არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში შესვლას.
ვის დავუჯეროთ – ამ კანონპროექტის ფორმალურ ინიციატორ ლაშა თორდიას, თუ ქვეყნის დღევანდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მაშინ ოპოზიციონერი იყო, - მიმართა გიორგი თარგამაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
საპარლამენტო უმრავლესობამ გამოცანა ამოხსნა და გამოიცნო, რომ ამ სიტყვების ავტორი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ აღმოაჩინა, რომ ამ ლოგიკით ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს უჯერებს, ხელისუფლება კი - ლაშა თორდიას.
|