წმიდა გრიგოლ პალამა,
თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და
კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თავდაპირველად მისი მშობლები მცირე აზიაში
ცხოვრობდნენ, მაგრამ თუქების შემოსევის დროს კონსტანტინეპოლში გადასახლდნენ და
იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგის (1282-1328) კარზე ჰპოვეს თავშესაფარი.
გრიგოლის მამა - კონსტანტინე სასახლის კარის მსხვილი მოხელე გახდა, მაგრამ მალე
გარდაიცვალა. ამის შემდეგ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა დედამ და
განსვენებული კარისკაცის ხსოვნის ერთგულმა იმპერატორმა იტვირთეს. მათ ყველაფერი
გააკეთეს იმისათვის, რომ გრიგოლს ბრწყინვალე განათლება მიეღო. საერო მეცნიერებას
ჭაბუკი გრიგოლი საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერ გრიგოლ დრიმოსთან სწავლობდა, ხოლო
დოგმატურ და ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში მისი მოძღვარი თეოლიტე ფილადელფიელი იყო.
საოცარი გულისხმიერებისა და გულმოდგინების წყალობით გრიგოლმა ადვილად შეითვისა
ყველა საგანი. თანამედროვეთა მოწმობით, წმიდა გრიგოლმა ღრმად იცოდა
ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი და თავისი დროის
უგანათლებულეს ადამიანად მიიჩნეოდა. წმიდა გრიგოლ პალამა ჯერ კიდევ ჭაბუკობაში
ამჟღავნებდა აშკარა მიდრეკილებას ღვთის სათნო ცხოვრებისაკენ. მას სძაგდა სიმდიდრე
და ის დიდება, რომელიც სასახლის კარზე მოელოდა. იმპერატორს სურდა, მისგან სახელმწიფო
მოღვაწე დამდგარიყო, მაგრამ როგორც კი ჭაბუკმა 20 წლის ასაკს მიაღწია, 1316, სხვა
ცნობით, 1318 წელს, მან ორ უმცროს ძმასთან ერთად ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის
მონასტერში მორჩილად შედგა. აქ ნეტარი მამა ღირსი ნიკოდიმოს ვათოპედელის (ხს. 11
ივლისს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მის მიერვე აღიკვეცა ბერად. ერთი წლის
შემდეგ უფლის რჩეულს საღვთო ხილვაში წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ეჩვენა
და სულიერი მფარველობა აღუქვა. გრიგოლის დედა და დებიც მონაზვნებად აღიკვეცნენ.
ბერი ნიკოდიმოსის მიცვალების შემდეგ ღირსი მამა რვა წლის რვა წლის
მანძილზე ბერი ნიკიფორეს წინამძღოლობით განაგრძობდა ლოცვით ღვაწლს, ამ
უკანასკნელის მიცვალების შემდეგ კი ღირსი ათანასეს ლავრაში გადავიდა. აქ წმინდანი
ჯერ მეტრაპეზედ მსახურობდა, ხოლო შემდეგ მგალობლად დაადგინეს. ასე განვლო სამმა წელიწადმა.
1321 წელს გრიგოლი, რომელიც სულიერი სრულყოფის უფრო მაღალ საფეხურებს ესწრაფვოდა,
გლოსიის მცირე სავანეში გადასახლდა. აქ იგი სრულიად განიმსჭვალა ისიხაზმის სულით
და იგი ცხოვრების საფუძვლად გაიხადა (ჯერ კიდევ IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და
სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა
შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას,
რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია
მოითხოვდა დადგენილი დგომის წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად
განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა. ადამიანს მხლოდ
სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე შეეძლო ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან შეერთება,
რაც მას უდიდეს ნეტარებასა და სიხარულს განაცდევინებდა. რადგან ეს სიხარული ენით
გამოუთქმელი იყო, ბერები დუმილს ამჯობინებდნენ. დუმილთან არის დაკავშირებული
ლოცვის ამ წესის სახელწოდებაც - ისიხაზმი, რაც ბერძნული სიტყვაა და მდუმარებას,
სიმშვიდეს, განმარტოებას ნიშნავს). 1326 წელს გრიგოლ პალამა განერიდა თურქების
თავდასხმის საშიშროებას და საძმოსთან ერთად თესალონიკში გადავიდა, სადაც მას
მღვდლად დაასხეს ხელი.
წმიდა გრიგოლი ერთმანეთს უთავსებდა ხუცესის მოვალეობის შესრულებას
და განდეგილურ ღვაწლს: კვირაში ხუთ დღეს იგი მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა,
შაბათ-კვირას კი ხალხთან გამოდიოდა, ღვთისმსახურებას აღასრულებდა და მრევლს
მოძღვრავდა. ნეტარი მამის ქადაგებები ღრმა ზეგავლენას ახდენდა ტაძარში მყოფ
მორწმუნეებზე. წმიდა გრიგოლისთვის თავისი ცხოვრების წესის მიუხედავად უცხო იყო
სრული განდგომა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ზოგჯერ იგი ქალაქის განათლებული
ახალგაზრდობის საღვთისმეტყველო დისპუტებს ესწრებოდა, რომელთაც მომავალი პატრიარქი
ისიდორე უძღვებოდა. ერთხელ კონსტანტინეპოლიდან გამობრუნებულმა წმიდანმა
თესალონიკის მახლობლად აღმოაჩინა ბერიად წოდებული ადგილი, რომელიც მეტად
მოხერხებული იყო ბერმონაზვნური მოღვაწეობისათვის. მალე მან აქ შეკრიბა მცირე
საძმო, რომელსაც ხუთი წელი წინამძღვრობდა. 1331 წელს გრიგოლმა ათონს მიაშურა და
ათანასეს ლავრის მახლობლად მდებარე წმიდა საბას სკიტში განმარტოვდა. 1333 წელს იგი
ესთიგმენის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1336 წელს კი კვლავ წმიდა საბას სკიტს
დაუბრუნდა და დაიწყო საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, რომელიც სიკვდილის დღემდე არ
შეუწყვეტია.
1328-30 წლებში, ანდრონიკე III ზეობის პერიოდში, პაპის ძალაუფლების
განმტკიცების მიზნით, კალიბრიიდან კონსტანტინეპოლში ჩამოვიდა მეცნიერი ბერი
ბარლაამი - ავტორი ტრაქტატებისა ლოგიკასა და ასტრონომიაში, გონებამახვილი და
დახელოვნებული ორატორი. მან მოჩვენებითად მიიღო მართლმადიდებლობა, ბერად აღიკვეცა
და მონასტრის იღუმენიც კი გახდა. ბარლაამმა დედაქალაქის უნივერსიტეტში კათედრა
მიიღო და დაიწყო განმარტება დიონისე არეოპაგელის (ხს. 3 ოქტომბერს) თხზულებებისა,
რომლის აპოფატიკური ღვთისმეტყველებაც საყოველთაოდ იყო აღიარებული როგორც
აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიაში. მალე ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც
მივიდა, სადაც ისიხასტთა სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო და ღვთის არსების
მიუწვდომლობის დოგმატის საფუძველზე მათი გონებისმიერი ქმედება მწვალებლურ ცთომად
გამოაცხადა. გადადიოდა რა ათონიდან თესალონიკში, იქიდან კონსტანტინეპოლში და
შემდეგ კვლავ თესალონიკში, ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა,
დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო; ამასთან იგი
იმასაც კი არ ერიდებოდა, რომ სასაცილოდ აეგდო ბერმონაზონთა მონათხრობები ლოცვის
მეთოდებისა და სულიერ გაცისკროვნებათა შესახებ.
ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ თავდაპირველად სიტყვიერი
შეგონებით მიმართა ბარლაამს, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, წერილობით გამოსცა
თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი. ასე შეიქმნა ცნობილი „ტრიადები წმიდა
ისიხასტთა დასაცავად“ (1338). 1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის
ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობილივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ
წოდებული „წმიდა მთის ტომოსი“. კონსტატინეპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს,
წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლი ბარლაამს შეეჯახა სიტყვიერ პაექრობაში,
რომელიც ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს,
როგორც მწვალებლობა, თვით იგი კი შეაჩვენეს. ბარლაამი იძულებული გახდა
ბერებისათვის შენდობა ეთხოვა და იტალიაში დაბრუნებულიყო.
მაგრამ ცილობა პალამიტელთა და ბარლაამიტელთა შორის კიდევ დიდხანს
გაგრძელდა. ბარლაამის მოწაფემ, ბულგარელმა მონაზონმა აკვინდინემ დაწერა რამდენიმე
ტრაქტატი, რომლებშიც წმიდა გრიგოლსა და ათონელ ბერებს საეკლესიო შფოთის
წარმოქმნაში სდებდა ბრალს. აკვინდინემ, იმ იმედით, რომ ორღმერთიანობაში ამხელდა
წმიდა გრიგოლს, პატრიარქ იოანე ხეიბარს სთხოვა II ადგილობრივი საეკლესიო კრება
მოეწვია. 1341 წელს გამართულ ამ კრებაზე გრიგოლ პალამამ მწვალებელს საკადრისი
პასუხი გასცა და დამაჯერებლად უარყო საღმრთო ენერგიების (ქმედების) შეუქმნელობა,
მათი განსხვავებულობა ღვთის არსისაგან. საეკლესიო კრებამ წმიდა გრიგოლ პალამას ეს
სწავლება მართლმადიდებლურ სწავლებად აღიარე. მაგრამ მალე პატრიარქმა ეკლესიიდან
განკვეთა უფლის რჩეული (1344) და საპყრობილეში ჩააგდებინა, სადაც იგი სამი წლის
განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. 1347 წელს, როცა მწვალებელი იოანე XIV
საპატრიარქო ტახტზე ისიდორემ (1347-1348) შეცვალა, დედოფალ ანას შემწეობით
მოიწვიეს საეკლესიო კრება, სადაც გრიგოლ პალამას შეჩვენება გაუქმდა, რის
შემდეგაც წმიდა გრიგოლს პატრიარქის ტიტული შესთავაზეს. მან უარი განაცხადა
ამ ღირსებაზე და მხოლოდ დიდი თხოვნის შემდეგ თესალონიკის მიტროპოლიტად ეკურთხა.
1351 წელს ვლაქერნის საეკლესიო კრებამ საზეიმოდ დაადასტურა მისი
მოძღვრების მართლმადიდებლური არსი, მაგრამ თესალონიკელებს მაშინვე არ მიუღიათ
თავისი ახალი მღვდელმთავარი, პირველ ხანებში მას სხვადასხვა ადგილებში უხდებოდა
ცხოვრება. ერთხელ ხომალდი, რომლითაც ნეტარი გრიგოლი კონსტანტინეპოლში
მიემგზავრებოდა, თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ერთი წლის განმავლობაში წმიდა
მღდველმთავარს მონასავით ჰყიდდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ მაშინაც იგი დაუღალავად
განაგრძობდა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას.
ნეტარი გრიგოლი გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი წლით ადრე დაბრუნდა
თესალონიკში. მიცვალების წინ მან წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იხილა საღვთო
ჩვენებით. გრიგოლ პალამამ 1359 წლის 14 ნოემბერს, 63 წლის ასაკში შეჰვედრა სული
უფალს. ნეტარი მღვდელმთავარი წმიდანად 1368 წელს გამართულ კონსტანტინეპოლის
კრებაზე შერაცხეს. მისი ცხოვრება და მოსახსენებელი კანონი შეადგინა პატრიარქმა
ფილოთეოზმა (1354-1355, 1362-1376).
მოღვაწის წმიდა ნაწილები დღესაც თესალონიკში განისვენებს და კვლავ
სასწაულებისა და კურნებების უხვ წყაროს წარმოადგენს.
წმიდა გრიგოლს ეკლესია დიდმარხვის მეორე კვირიაკეს იხსენიებს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV
თბილისი, 2001 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 12 (63), 2000
წ.
|